English / ქართული / русский /
ფატი შენგელია
კრიზისული სიტუაციის მართვა

ანოტაცია. კოვიდპანდემიამ მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, შესაბამისად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. აქტუალური გახდა კრიზისული სიტუაციის მართვა. სწორი მართვის შედეგად ნაკლები ზიანი მიადგება ქვეყნის ეკონომიკას, ნაკლებად დაზარალდება ბიზნესი. მიმდინარე ეტაპზე გამოიკვეთა ლიდერის როლი კომპეტენტური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თვალსაჩინო გახდა როგორი მნიშვნელოვანია არსებული სიტუაციის კვალიფიციური ანალიზი, პრობლემის დროული აღმოჩენა და ძალების მობილიზება მის აღმოსაფხვრელად. მიმდინარე ეტაპზე მართვის სრულყოფას და ანტიკრიზისული სტრატეგიის შემუშავებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. 

*** 

ჩვენი ქვეყანა კოვიდპანდემიამ მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა. საჭირო გახდა შექმნილი სიტუაციის რეალურად შეფასება, სამოქმედო გეგმის შემუშავება და სწრაფი რეაგირება, რომელიც გარკვეულწილად შეარბილებს იმ ეკონომიკურ თუ სოციალურ ზიანს, რომელიც მიმდინარე ეტაპზე გარდაუვალია. აღნიშნულ პერიოდში სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება სწორ მენეჯმენტს, განსაკუთრებული როლი ეკისრება გადაწყვეტილების მიმღები პირების კომპეტენტურობას, პროფესიულ უნარ-ჩვევებს და გამოცდილებებს. ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე  მოვლენებმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ არასახარბიელო მდგომარეობაა კრიზისის მართვის კუთხით, რაც ჩვენს ყოველდღიურ ყოფაზე ძალიან მძიმედ აისახება. ,,კრიზისს ჩვენ ვერ ვარჩევთ, მაგრამ მისი მართვა, ანტიკრიზისული  სტრატეგია ჩვენს ხელშია. სწორედ ესაა გადამწყვეტი’’.[1]

   კრიზისი ზოგჯერ გარდატეხის შეტანის და განახლებული ძალებით მოქმედების შანსს იძლევა, ამიტომ კრიზისული სიტუაციის მართვა პროფესიონალებს უნდა მივანდოთ. მართვა უწყვეტი პროცესია, რომლის საფუძველს წარმოადგენს გადაწყვეტილებათა მომზადების, მიღების, შესრულების და კორექტირების პროცესი. მართვის  უპირველესი ამოცანა რეალობის ზუსტი შეფასებაა. ძლიერი მენეჯერები სისტემატურად სიახლეების ძიების და მენეჯერული უნარების  გაუმჯობესების  მდგომარეობაში არიან.  ეფექტური მენეჯმენტისთვის საჭიროა ბიზნეს ცნებების გააზრებისა და კომუნიკაციის  უნარ-ჩვევების ფლობა.  თანამედროვე მენეჯერები ახდენენ  მართვის მეცნიერების თეორიული ცოდნის და პრაქტიკის სინთეზს. მათი ამოცანაა ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის შეფასების, პრიორიტეტების განსაზღვრის, პრობლემების გადაჭრის გზების ძიების და ორგანიზების უნარების გამოყენებით, შეიმუშაონ პრობლემის გადაჭრის ყველაზე მისაღები ვარიანტი. მენეჯერები  აბსტრაქტულ-ლოგიკურ აზროვნებასა და კარგად გათვლილი რისკის ელემენტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას იღებენ. არსებული სიტუაციის ანალიზი, რესურსების შეფასება და სწორი ტაქტიკის შემუშავება, ახალი რეალობის უმთავრესი გამოწვევაა. მენეჯერი გამოკვეთილი ლიდერის თვისებებით, კომპანიის კრიზისული სიტუაციიდან  გამოყვანის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ძლიერი მენეჯერი სიღრმისეულად აანალიზებს კონკრეტულ სიტუაციას, შემდეგ  თანამშრომლების კომპეტენციის და დასახული მიზნის სირთულის შესაბამისად  არჩევს მართვის სტილს და ცდილობს   დაარწმუნოს  და გააერთიანოს ადამიანები პრობლემის გადასაწყვეტად. ნებისმიერი გამოწვევა  გადაილახება, თუ იქნება თანმიმდევრული კომუნიკაცია ბიზნესის პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან: მომხმარებლებთან, მიმწოდებლებთან, პარტნიორებთან, კრედიტორებთან თუ დებიტორებთან. ყველასთან, ვისაც შეუძლია კრიზისის გადაწყვეტაზე  გავლენის მოხდენა. სასურველია გავეცნოთ იმ მოწინავე  ქვეყნების გამოცდილებას, რომელთა ეკონომიკა უფრო მოქნილი აღმოჩნდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიმართ.

ტრადიციული უცხოური კომპანიების მენეჯმენტი გულისხმობს რისკისა და სირთულის შემცირებას, რაც შეიძლება განხორციელდეს ოპერაციების საგულდაგულოდ მართვით და პროცესების განსაზღვრით. ისინი მაქსიმალურად ამცირებენ შემთხვევითობის ალბათობას, იმდენად ზუსტად აქვთ წინასწარ გათვლილი სამოქმედო გეგმა, მაგრამ გაუთვალისწინებელი სიტუაციის დროს, ისინი მზად არიან ცვლილებებისა და გარდაქმნებისთვის. იტალიაში თუ ,,ჩვეულებრივ’’ დროს 800-900 ადამიანი იძენდა ონლაინ მომსახურებით საქონელს, კოვიდპანდემიის დროს 2,1 მილიონმა ადამიანმა მიიღო ელექტრონული კომერციული მომსახურებით სარგებლობის გადაწყვეტილება. ეს გვიჩვენებს, რომ იტალიელებმა გადალახეს ფსიქოლოგიური ბარიერები, რომელიც ადრე აბრკოლებდა მათ ონლაინ მომსახურებით სარგებლობისას. დროის მოთხოვნის შესაბამისად ისინი სწრაფად სწავლობენ, როგორ გამოიყენონ ციფრული საფულის ფუნქცია თავიანთ სმარტფონებზე და როგორ შეძლონ შტრიხკოდების სკანირება ჭკვიანი გადახდების გასაკეთებლად.

პაოლო გალოს და ჯუზეპე სტიგლიანოს მიერ, 50-ზე  მეტი აღმასრულებელი დირექტორის გამოკითხვის შედეგად გამოირკვა, რომ თანამედროვე ეტაპზე კრიზისის მართვის პროცესში ხელმძღვანელებზე მოთხოვნა უფრო გაიზარდა, ვიდრე ზოგადად მენეჯმენტზე.[2] პაოლო გალო ბოლო 30 წლის განმავლობაში იყო ჟენევის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ადამიანური რესურსების მთავარი ოფიცერი.  მსოფლიო ბანკის მთავარი სასწავლო ოფიცერი ვაშინგტონში და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ადამიანური რესურსების დირექტორი ლონდონში. ჯუზეპე სტიგლიანო 15 წელია ემსახურება  ინტერნეტ მარკეტინგის სერვისებს. მათი აზრით, ახლა არის დრო, როდესაც მენეჯერებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად და წარმოადგინონ ახალი ხედვა თავიანთი ბიზნესის განსავითარებლად, რაც გარკვეულწილად უნდა განსხვავდებოდეს წინა ხედვისაგან. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ მნიშვნელოვანი პარადიგმის ცვლა, რომელიც ხშირად განმარტებულია, როგორც „ციფრული გარდაქმნა“. ამან აიძულა ყველა კომპანია ცვლილებები შეეტანა სტრატეგიულ გეგმაში.

  მართვის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება წარმოების ხელმძღვანელებს - ლიდერებს, რომლებმაც იციან რა კომპანიის  მიზნები, იყენებენ თავიანთ  გავლენას სხვების აზრების და მოქმედებების ფორმირებისთვის. შემდგომში მათი მხარდაჭერით და  თანამშრომლობით ისინი აღწევენ დასახულ   მიზნებს. ლიდერების შემთხვევაში, ეს მიზნები იშვიათად  არის პირადი, ის უფრო ზოგადია და  დიდ სიკეთეს ემსახურება.

ლიდერს და მენეჯერს შორის არსებული განსხვავება შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

  1. თუ მენეჯერი აყალიბებს წარმოების სტრუქტურას, განსაზღვრავს თანამშრომლების  უფლებამოსილებას და პასუხისმგებლობას, ლიდერი გვთავაზობს ახალ ორგანიზაციულ ხედვას და   კომუნიკაციის მეშვეობით ახერხებს შთააგონოს და დარაზმოს თანამშრომლები  მიზნის მისაღწევად;
  2. მენეჯერი ფოკუსირებულია დაგეგმვასა და ორგანიზებაზე, პერსონალის დაკომპლექტებაზე, ხელმძღვანელობასა და კონტროლზე, ლიდერი კი ყურადღებას ამახვილებს ადამიანურ ურთიერთობებზე, გუნდურ მუშაობაზე, თანამშრომლების  შთაგონებაზე, მოტივაციასა და დარწმუნებაზე.
  3. მენეჯერი პასუხისმგებელია ორგანიზაციის წინაშე მისი თანამდებობრივი პიზიციის მიხედვით, ხოლო ლიდერი პასუხისმგებლობას გრძნობს თანამშრომლების წინაშე;
  4. მენეჯერი იცავს ორგანიზაციის პოლიტიკას და მიჰყვება გაწერილ პროცედურებს, ხოლო ლიდერი ეყრდნობა საკუთარ ინტუიციას;
  5. მენეჯმენტი მეცნიერებაა, ხოლო ლიდერობა ხელოვნება;
  6. მენეჯერი განიხილავს ორგანიზაციის ტექნიკურ მხარეს და შინაარსს, ხოლო ლიდერი ორგანიზაციის ადამიანურ ასპექტს;
  7. მენეჯერი აფასებს ადამიანებს მათი წარსული გამოცდილებით და არსებული მდგომარეობით, ხოლო ლიდერი იმ პოტენციალით, რომლის გაზომვა შეუძლებელია ანუ მომავალი პერსპექტივით;
  8. მენეჯერი უფრო წერილობით კომუნიკაციას იყენებს, ხოლო ლიდერი ვერბალურს.

მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, კრიზისულ სიტუაციაში კომპანიის მართვის პროცესში მენეჯერი და ლიდერი ერთნაირად მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელთა კომპეტენტურობაზეა დამოკიდებული ორგანიზაციის მდგრადობა და ადამიანების მოტივაციის ამაღლება.

ყველა თანხმდება, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები დამანგრევლად მოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე. კატასტროფულად იზრდება ფასები პირველადი მოხმარების საქონელზე, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. განსაკუთრებულ დარტყმას ეკონომიკური სექტორი განიცდის. პანდემიის შესაკავებლად ქვეყნების ჩაკეტვამ საერთაშორისო ტურიზმის გაჩერება გამოიწვია. საქართველო, როგორც ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა, მნიშვნელოვნად დაზარალდა. ამასთანავე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ეკონომიკური აქტივობის შენელებამ, უარყოფითი გავლენა იქონია საქონლის ექსპორტზე. საქონლის იმპორტიც მნიშვნელოვნად შემცირდა, საგარეო  და შიდა მოთხოვნის შემცირების გამო. 2020 წელს საერთაშორისო   მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლების დანაკლისმა, საქონლით ვაჭრობის დეფიციტის  გაუმჯობესება სრულად გადაფარა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვანი გაუარესება გამოიწვია.

საქართველოს ბანკის 2021 წლის მარტის თვის მიმოხილვის მიხედვით, წლიურმა ინფლაციამ 7,2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თებერვალთან  შედარებით ფასები 4,2 პროცენტით გაიზარდა. ინფლაციის ზრდაზე გავლენა იქონია კომუნალურ გადასახადებზე საბიუჯეტო სუფსიდიის მოხსნამ. სურსათი წინა წლის მარტის თვესთან შედარებით 5,5 პროცენტით გაძვირდა, რითაც ინფლაციაში 1.6 პროცენტული პუნქტით წვლილი შეიტანა. აქედან მხოლოდ 0.5 პროცენტული პუნქტი მზესუმზირის ზეთის წვლილია, ხოლო შაქრის - 0,2 პროცენტული პუნქტი იყო. ადგილობრივ ბაზარზე  სამომხმარებლო პროდუქტებზე  ფასების ზრდა, გამოწვეულია მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდით. მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნის ზრდამ, ფასების ზრდა გამოიწვია, რამაც ბენზინი და დიზელი გააძვირა, მათი კონტრიბუცია ინფლაციის ზრდაში ჯამურად 0,4 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 13,6 პროცენტით გაძვირდა (1.0 პროცენტული პუნქტი წვლილი ინფლაციაში), ხოლო სიგარეტის წვლილმა 0,4 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ამას გარდა, ლარის ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ, სხვა საქონლის გაძვირებაზე იმოქმედა. საბაზო ინფლაცია, რომელიც ენერგომატარებლების, თამბაქოს და სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეული სურსათის ფასებს გამორიცხავს, 6,6 პროცენტამდე გაიზარდა.[3]

კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შედგენისას, დროის მოთხოვნით ჩამოყალიბებული განვითარების სტრატეგია, ახალი ხედვა და გარკვეული უფლებამოსილების გადანაწილება თანამშრომლებზე, ხელს შეუწყობს  კრიზისის დაძლევას. მნიშვნელოვანია  პერსონალს ჰქონდეს მუდმივი წვდომა სწორ ინფორმაციაზე. ნებისმიერი გადაწყვეტილება მათთან მიმართებაში უნდა იყოს სამართლიანი და გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი.

კრიზისულ სიტუაციაში ხდება ინფორმაციის მოძრაობის პროცესის აჩქარება, სამოქმედო გეგმა იყოფა მცირე ნაბიჯებად. მოიცავს მოკლე მონაკვეთებს, შემუშავდება ცენტრალიზებულად და პირდაპირ შემსრულებელს ეგზავნება. მნიშვნელოვანი ფაქტორია დავალებას იღებდეს ყველა, თუნდაც ეს არ იყოს მოცემულ მომენტში კრიტიკულად მნიშვნელოვანი.[4]

 კრიზისები განსხვავდება ერთმანეთისგან წარმოშობის მიზეზების, ფორმის და ბუნების მიხედვით, მაგრამ  მათი გადაწყვეტის თანმიმდევრულობა თითქმის ერთნაირია. უპირველესი ამოცანა კრიზისულ პერიოდში  კომპანიის გადარჩენაა, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება ხდება არსებული მდგომარეობის ფუნდამენტური შესწავლის, ახლებური ხედვის, მოცემული გარემოებების გათვალისწინებით შემუშავებულ  სტრატეგიაზე დაყრდნობით.

 უცხოელი ავტორები პრობლემის გადაწყვეტის შვიდ საფეხურს გვთავაზობენ[5]:

1.პრობლემის იდენტიფიცირება;

პირველ რიგში, ნათლად უნდა ჩამოვაყალიბოთ პრობლემის არსი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება ამ პრობლემაზე. სასურველია მოვახდინოთ პრობლემის და ინტერესების გამიჯნვა.

2.  გაითვალისწინეთ  ყველას ინტერესები;

 ეს არის ყველაზე რთული ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა გადავდგათ.  ზოგჯერ საკუთარი ინტერესების უგულებელყოფა და გვერდზე გადადება გვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების სასარგებლოდ. უნდა შევძლოთ განსხვავებული აზრის ყურადღებით მოსმენა და საჭიროების შემთხვევაში გაზიარება. საუკეთესო გამოსავალია თუ ყველას შეხედულება ემთხვევა, მაშინ ყველას ინტერესი დაკმაყოფილებულია.

3. ჩამოთვალეთ შესაძლო გადაწყვეტილებები (ვარიანტები);

ამ დროს ხდება მრავალი კრეატიული იდეების მოფიქრება და სხვადასხვა შესაძლო ვარიანტების ჩამოყალიბება.

4. შეაფასეთ პარამეტრები ;

პარამეტერის შეფასებისას კეთილსინდისიერად უნდა განვსაზღვროთ თითოეული ვარიანტის პლიუსები და მინუსები.

5. აირჩიეთ ვარიანტი ან ვარიანტები;

მოცემული ვარიანტებიდან უნდა შევარჩიოთ საუკეთესო, რომელიც მოცემული პარამეტრების გათვალისწინებით, ყველაზე უკეთესად შეძლებს არსებული პრობლემის აღმოფხვრას.

6. ხელშეკრულების გაფორმება;

 ხელშეკრულების გაფორმება საუკეთესო გზაა ჩამოვაყალიბოთ თითოეული მხარის უფლება-მოვალეობები და გავიაზროთ ყველა დეტალი.

7. შეთანხმება გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე.

დღევანდელ სწრაფად ცვალებად მსოფლიოში შეიძლება პირობები მოულოდნელად შეიცვალოს. ამიტომ ხელშეკრულების გაფორმების დროს ჩადებული უნდა იყოს შეთანხმებები, მოსალოდნელი გაუთვალისწინებელი  გარემოებების შესახებ.

პრობლემის გადაჭრა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ  გადაუჭრელობა უფრო დამაზიანებელია. პირველ რიგში, უნდა შეგვეძლოს შევანელოთ საწარმოო პროცესი, ან უკიდურეს შემთხვევაში გავაჩეროთ წარმოება. პრობლემა გზის მოსახვევს ჰგავს, რომელიც სიჩქარის შენელებას მოითხოვს. თუ სწორად მოვიქცევით, უსაფრთხოდ გავაგრძელებთ სვლას, ხოლო თუ ავჩქარდებით, შეიძლება ვერ ვაკონტროლოთ სიტუაცია და მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ.

პრობლემის გადაწყვეტის ზემოთ ჩამოთვლილი საფეხურები ერთნაირად ეფექტურია ნებისმიერი მასშტაბის საწარმოსთვის. პრობლემა რაც უფრო რთულია, მით უფრო აუცილებელია და მნიშვნელოვანი  დისციპლინებული პროცესის გამოყენება, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა გავლენიანმა მეცნიერმა და ფილოსოფოსმა კარლ პროპერმა მჭევრმეტყველურად თქვა ,,მთელი ცხოვრება პრობლემების გადაჭრაა“[6]. უბრალოდ უნდა ვისწავლოთ კრიტიკული სიტუაციის სწორი, თანმიმდევრული მართვა. ეს პროცესი ხშირ შემთხვევაში მოითხოვს ფართომასშტაბიან ცვლილებებს, რომელიც, პირველ რიგში, შეეხება მენტალურ სფეროს. ეს არის ორგანიზაციის არსებობისა და მოღვაწეობის განსაკუთრებული ფორმა. მისი ძირითადი მახასიათებელი  მუდმივი გაუმჯობესების პროცესია. ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდისთვის, საჭიროა ურთიერთდაკავშირებული პროცესების ერთიანი სისტემის შექმნა და მართვა. ამერიკელი მეცნიერის ედუარდ დემინგის აზრით, ,,გაუმჯობესების შესაძლებლობები იმალება პრობლემებში, ხოლო თუ თქვენ ვერ აღმოაჩენთ პრობლემებს, დარწმუნებული იყავით, ისინი თვითონვე გიპოვნიან’“.

  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლიდერები პრობლემების საუკეთესო გადამჭრელები არიან. ამიტომ ორგანიზაციამ უნდა აღზარდოს ჭეშმარიტი ლიდერები, რომლებიც არ იქნებიან დაკავებული მხოლოდ თანამშრომლებზე მითითებების გაცემით, არამედ რეალურ დახმარებას გაუწევენ მათ სამუშაოს შესრულებისას. ლიდერები უნდა ისწრაფოდნენ ორგანიზაციაში ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც ყველა დაინტერესებული იქნება საკუთარი შრომის შედეგით, დასახული მიზნის მისაღწევად. ლიდერებს უნდა ჰქონდეს მოთმინების უნარი, შეეძლოთ მოვლენების ფართო სპექტრით დანახვა, არსებული პრობლემის არსის მთლიანობაში განხილვა, გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული შესწავლა და დასაბუთებული დასკვნის გამოტანა. საბოლოო ჯამში, ყველა პრობლემა ერთმანეთს ჰგავს, ოღონდ სხვადასხვაგვარად არის შეფუთული. ლიდერმა პრობლემა უნდა განიხილოს არა როგორც კომპანიის განადგურების საშიშროება, არამედ როგორც კომპანიის სტრატეგიის, უწყვეტი განვითარების მანამდე უხილავიშესაძლებლობები. ასე, რომ ეფექტური ლიდერები პრობლემას უყურებენ, როგორც ახალ შესაძლებლობას კომპანიის განვითარების გზაზე. ლიდერი თუ ამ სიბრძნეს არ ფლობს, ის სწორხაზოვნად განიხილავს პრობლემას და ბლოკავს შესაძლებლობებს. სწრაფი და ეფექტური რეაგირებით შესაძლებელია მომხმარებლების ნდობის მოპოვება. ისინი ეტაპობრივად უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში ცვლილებებთან დაკავშირებით. გლენ ლოპისი გვთავაზობს  პრობლემის გადაჭრის ოთხ საუკეთესო გზას:

  1. გამჭვირვალე კომუნიკაცია;

პრობლემის გადაჭრა მოითხოვს გამჭვირვალე კომუნიკაციას, როდესაც ყველას შეუძლია თავისუფლად გამოხატოს მისი ინტერესი და შეხედულება. კომუნიკაცია ფუნდამენტური აუცილებლობაა, პრობლემის გადაწყვეტის პროცესში ჩართულ პირებს შორის. თუ ვინმე თავს იკავებს მისი აზრის დაფიქსირებისგან იმის შიშით, რომ მისი შეხედულება საფრთხეს შეუქმნის მის სამსახურეობრივ მდგომარეობას, ამ დროს დიდია ლიდერის როლი, რომელიც ხელს შეუწყობს ღია დიალოგს ადამიანებს შორის. ადამიანები ლიდერის ხელშეწყობით, თავს გრძნობენ დაცულად და უსაფრთხო გარემოში. ისინი უფრო გახსნილები ხდებიან. აფიქსირებენ თავიანთ კონკრეტულ წინადადებებს პრობლემის გადაწყვეტისათვის.  მას შემდეგ, რაც ლიდერი მოუსმენს ყველას და გაითვალისწინებს მათ თვალსაზრისს, მას თავის გუნდთან ერთად შეუძლია მიიღოს სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი გადაწყვეტილება. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოება, რომ ადამიანები ზოგჯერ არ არიან გულახდილები. ამ დროს ლიდერი საკუთარ ინტუიციას უნდა დაეყრდნოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.  

2. დაანგრიეთ ბარიერები ქვედანაყოფებს შორის;

კომპანიაში გუნდების და დეპარტამენტების იზოლირებულად მუშაობა, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს, საჭიროებს მენტალურ ცვლილებას, გამჭვირვალე კომუნიკაციას შეუძლია ბარიერების დანგრევა და  ჯანსაღი ორგანიზაციული  გარემოს ჩამოყალიბება,

დეპარტამენტებს შორის უფრო მჭიდრო და თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარებით გამოიკვეთება საერთო ინტერესები  და მოხდება ძირითადი პრობლემის გადასაწყვეტად გაერთიანება. თუ თითოეული თანამშრომლისთვის  გასაგები იქნება მისი ადგილი და როლი საერთო საქმეში, მაშინ იზრდება მოტივაცია და პრობლემის გადაჭრა ერთობლივი ძალებით უფრო იოლდება. საბოლოო ჯამში, კომპანია უფრო ძლიერი ხდება.

3  ნიჭიერი (გონებაგახსნილი)  ადამიანები;

შეზღუდული ბარიერების ნგრევა და გამჭვირვალე კომუნიკაციის დამკვიდრება საჭიროებს  ნიჭიერ, თავის თავში დარწმუნებულ ადამიანებს, რომლებიც აცნობიერებენ, რომ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია ძალთა გაერთიანების გარეშე. ურთიერთთანამშრომლობა აძლიერებს ორგანიზაციას, ხდის მას უფრო მოქნილს, ეფექტურს და კონკურენტუნარიანს. გონებაგახსნილი ადამიანები  რისკს განიხილავენ, როგორც მათ საუკეთესო მეგობარს. ისინი მათ წინაშე წამოჭრილ პრობლემებს ღირსეულად უმკლავდებიან და განაგრძობენ განვითარებას და ინოვაციების დანერგვას.

4. მყარი ფუნდამენტური სტრატეგია;

სტრატეგიის გარეშე, ცვლილებები მხოლოდ ჩანაცვლებაა და არა ევოლუცია. ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად, პირველ რიგში, უნდა შემუშავდეს მყარი სტრატეგია. ეფექტური ლიდერები, პრობლემის გადაწყვეტილების პროცესში, თავს კომფორტულად გრძნობენ, რადგან ზუსტად იციან,  როგორ შეარჩიონ საჭირო ადამიანები, შეაფასონ არსებული რესურსები და განსაზღვრონ ბიუჯეტი, რომელიც საჭიროა პრობლემის დასაძლევად. ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად იყენებენ თითოეულ შესაძლებლობას. სტრატეგიის შემუშავებისას ეფექტური ლიდერი, ყველა შესაძლებლობის გათვალისწინებით, ადგენს რეალურ სამოქმედო გეგმას, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ ვმართოთ პრობლემა ისე, რომ საბოლოოდ მოვახდინოთ მისი გადაჭრა. სტრატეგიის შემუშავებისას მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს მოულოდნელი სიტუაციის მართვა. მყისიერი რეაგირებისთვის  მზად უნდა იყოს ადამიანური რესურსები, რომ უზრუნველყოფილი იქნეს სტრატეგიის   მდგრადობა.

 ამრიგად, კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის უმთავრესი პირობა სწორად შემუშავებული სტრატეგია და მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი ადამიანური რესურსია, რომელსაც მართავს მაღალი რანგის მენეჯერი, ლიდერის თვისებებით. 

გამოყენებული ლიტერატურა 

1. Charles Conn , Robert McLean  ,Bulletproof Problem Solving: The One Skill That Changes Everything,Wiley, 2019

2.W. Edwards Deming, The New Economics for Industry, Government, Education - Third Edition,The MIT press, Cambridge, Massachusetts, London, England, 2018

 3.W. Edwards Deming,  Out of the Crisis,  Massachusetts Inst.  Technology, Center of Advanced Engineering Study, 1986

4.Glenn Llopis, The 4 Most Effective Ways Leaders Solve Problems,

5.Paolo Gallo and Giuseppe Stigliano, Post-Pandemic Leadership: How Managing A Business Is Changing In Times Of  Covid-19

6.https://www.thebalancecareers.com/

7.https://www.forbes.com/

8. https://bpngeorgia.ge/

9. https://www.coursehero.com/

10. https://www.powtoon.com/

11. https://www.managementstudyguide.com/


[2] Paolo Gallo and Giuseppe Stigliano, Post-Pandemic Leadership: How Managing A Business Is Changing In Times Of Covid 19 https://www.forbes.com/, Mar 1, 2021

[6] https://www.forbes.com/